ლუსინე ცვლილებებისთვის - 25 წლის რეინჯერი გოგო თეთრიწყაროდან



დილის 9 საათზე მეწყვილესთან ერთად დაგვხვდა ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობასთან. მოკლე თმით, სათვალით, ჩექმებსა და რეინჯერის ფორმაში. „მთის ამბებიდან“ ხართ? - შორიდანვე დააზუსტა და წავედითო მოგვაძახა. სამშვილდისკენ დავიძარით, იმ ადგილების სანახავად, რომელსაც თვითონ იცავს - 25 წლის რეინჯერი, ლუსინე დოსტიბეგიანი.


თეთრიწყაროში დაიბადა და გაიზარდა, სკოლაც აქ დაამთავრა. „ყოველთვის მახსოვს, რომ ჩემი ცხოვრება ჩარჩოებში იყო მოქცეული, სახლი-სკოლა, სკოლა-სახლი და არაფერი სხვა, გარდა იმისა რომ ფორტეპიანოზე დავდიოდი, ისიც ძალით,“ - გაიცინა და თავისი ისტორიის მოყოლა სკოლიდან დაიწყო.

ჩოგბურთზე თვითონ შესულა, მაგრამ თავი მალევე დაანება. სამშვილდისკენ გზაში მოგვიყვა, რა რთული იყო, როდესაც რაიმეს მიმართ ინტერესი უჩნდებოდა, თუმცა მას და მის თანატოლებს ერთფეროვან გარემოში ახლის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

მეათე კლასში სკოლის თვითმმართველობაში ჩაერთო, სწავლის დამთავრების შემდეგ კი ახალგაზრდულ პროგრამაში - თეთრიწყაროს კულტურულ ძეგლებს და მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდნენ, რუკებს ადგენდნენ და გამოფენებს აწყობდნენ. ასე მოახერხეს, რეგიონი ოდნავ გამოეცოცხლებინათ. სწორედ მაშინ გაიგო, რომ არსებობდა არასამთავრობო სექტორი, შეეძლო მეგობრებთან ერთად პროექტები დაეწერა და შეეცვალა გარემო, რომელშიც ცხოვრობდნენ.

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი რამდენიმე წლის წინ დააფუძნეს. ორგანიზაციისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას რომელიმე დაცარიელებულ დარჩენილ შენობაში ფართის გამოყოფა სთხოვეს.

კარგად ახსოვს კედლები, რომლებსაც შეეჯახა, მაგრამ ჯიუტად ცდილობდა მათ განგრევას და წამოწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. ახალგაზრდული ცენტრისთვის სივრცის გადაცემას ორი წელი ელოდა. პარალელურად, აგრძელებდნენ გარემოსდაცვით და საგანმანათლებლო აქციებს. სურდათ, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს „ბირჟაზე“ დგომის ნაცვლად, პრობლემების გადაჭრაზე ეზრუნათ.

შენობა, რომელიც 8 წელი უფუნქციოდ, დაკეტილი იყო გასულ წელს გადაეცათ. სხვადასხვა პროგრამის დახმარებით მოაწესრიგეს. ახლა თავშეყრის ადგილიც აქვთ და ბიბლიოთეკაც: „მახსოვს როგორ მოდიოდნენ ბიჭები და გოგოები. აინტერესებდათ რას ვაკეთებდით. ამ პერიოდშიც ბევრი შემოგვიერთდა“.

ტყისა და ბუნების მოყვარულს შენობაში რა გააჩერებდა. რეინჯერების საქმიანობას უკვე იცნობდა. ალგეთის ეროვნულ პარკში რამდენჯერმე გოგონების ბანაკი მოაწყო და როგორც კი რეინჯერის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა, განაცხადი მაშინვე შეიტანა.




0 views0 comments