საანგარიშო პრეზენტაცია “ახალგაზრდების გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისათვის”

21 თებერვალს ა.ა.ი.პ. „თეთრიწყაროს ახალგაზრდულმა ცენტრმა“ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. შეხვედრის მონაწილეებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალგაზრდული ცენტრის მიღწევების, აგრეთვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. შეხვედრას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.


თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი ერთადერთი ორგანიზაციაა ქ. თეთრიწყაროში, რომელიც ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2016 წლიდან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. ორგანიზაცია თავდაპირველად 4 ადგილობრივი ახალგაზრდის ძალისხმევით ჩამოყალიბდა, დღეისათვის კი მის ორგანიზაციულ საქმიანობაში და პროექტების განხორციელებაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300-მდე ახალგაზრდაა ჩართული. ადგილობრივ ახალგაზრდებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივობების და ინიციატივების განხორციელებაში. მერიამ 2018 წელს თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს ფუნქიონირებისათვის, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შენობა გადასცა, რომელიც ახალგაზრდებმა სხვადასხვა მცირე საგრანტო პროგრამების დახმარებით, გაარემონტეს და განათავსეს სხვადასხვა სივრცეები.


დღეის მდგომარეობით, მოპოვებული გრანტების მეშვეობით, ორგანიზაციას განხორციელებული აქვს 26 677 ლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტები. თეთრიწყაროს ახალგაზრდულმა ცენტრმა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდების განვითარება პოზიტიური ცვლილებებისათვის“ ფარგლებში,განახორციელა შენობაში არსებული 2 ოთახის რეაბილიტაცია და სველი წერტილების მოწყობა, აგრეთვე უზრუნველყო ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის პროექტების წერის, ფონდების მოძიების, აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, ლიდერობის და ა.შ. საგანმანათლებლო ტრენინგები, ხოლო ამჟამად CSRDG-ის მხარდაჭერით, მიმდინარეობს მუშაობა სამომავლო განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე. ამასთანავე, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი აქტიურად არის ჩართული სოციალურ კამპანიებში, კულტურულ და გარემოსდაცვით ღონისძიებებში. ცენტრში იმართება მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, ფილმის ჩვენებები, ინტელექტუალური შეჯიბრებები. აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში ორგანიზაციის მოწვევით ქ. თეთრიწყაროს მშვიდობის კორპუსის მოხალისე ეწვევა, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს უფასოდ შეასწავლის ინგლისურ ენას.




0 views0 comments